Research - T'bilisi, Tbilisi, Georgia
უდიდესი სამეცნიერო ტრადიციების მქონე ენათმეცნიერების ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულება ("ენის ინსტიტუტი"), შეიქმნა 1941 წელს, 1936 წლიდან არსებული ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის საენათმეცნიერო განყოფილებათა ბაზაზე. 1950 წელს ენის ინსტიტუტს ეწოდა ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ხოლო 1987 წელს მიენიჭა ინსტიტუტის ერთ–ერთი დამაარსებლისა და მის ძირითად საკვლევაძიებო მიმართულებათა განმსაზღვრელის აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელი.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი მდიდარი სამეცნიერო ტრადიციებითა და მიღწევებით გამორჩეულ ერთ–ერთ თვალსაჩინო სამეცნიერო დაწესებულებას წარმოადგენს. ინსტიტუტის დირექტორი, სამეცნიერო საბჭოს და ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელთა თანადგომით, უზრუნველყოფს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის საუკეთესო სამეცნიერო ტრადიციათა შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას.თავისი არსებობის 80 წლის მანძილზე ინსტიტუტში შეიქმნა ასობით მონოგრაფია, კრებული, ლექსიკონები; აღიზარდა სამეცნიერო კადრები არა მხოლოდ ინსტიტუტისა და საქართველოს სხვა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულებებისათვის, არამედ – ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკებისათვისაც. აქ ჩამოყალიბდა მსოფლიოში აღიარებული იბერიულ–კავკასიური ენათმეცნიერების თბილისური სკოლა. ინსტიტუტის თანამშრომლებმა აკად. არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით შექმნეს ქართველი ერის დიდ საუნჯედ და ქართული ენის უკვდავ ძეგლად წოდებული რვატომიანი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი". ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას ამ ლექსიკონის ახალ რედაქციაზე, ქართული სახელმწიფო ენის სრულ ლექსიკოგრაფიულ და ნორმატიულ უზრუნველყოფაზე, ქართველური და იბერიულ–კავკასიური ენათმეცნიერების, თეორიული ლინგვისტიკის აქტუალურ საკითხებზე. იმთავითვე ინსტიტუტის ძირითად სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას წარმოადგენდა ქართველურ და მთის იბერიულ–კავკასიურ ენათა გრამატიკული წყობის, ფონეტიკისა და ლექსიკის შესწავლა, ენათმეცნიერების თეორიული საკითხების კვლევა.